ისტორია ძველი ალბომიდან... ფოტოებით...

ალბათ ყველა სახლში ინახება ერთი ძველი, ყდაგადაქექილი ალბომი, რომელიც ოჯახის ისტორიას ინახავს... მე ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა მათი თვალიერება. მახსოვს, როგორ გამოვაღებდი ხოლმე ბებიას კარადას, რომ ძველმოდური, მტვრიანი ჩემოდანი ჩამომეღო. იქ ბებია სქელყდიან საოჯახო ალბომებს ინახავდა.

ოჯახის ყველა წევრს, თავისი, პერსონალური ალბომი ჰქონდა მიძღვნილი. მუყაოს სქელ ფურცლებზე, შავ-თეთრი გახუნებული ფოტოები იყო დაკრული. ვაკვირდებოდი ჩემი წინაპრების გამოსახულებებს და ვცდილობდი, რაიმე მსგავსება დამენახა... ვცდილობდი წარმოსახვით გამეცოცხლებინა ის სცენები, რომლებიც სურათებში იყო გაჩერებული. გამეცოცხლებინა დრო, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაიყინა ამ კადრებში და ადამიანების ცხოვრების მხოლოდ ერთი წამი შეინახა...

დღესაც მეჩვენება, რომ ეს ალბომები, ეს ფოტოები განსაკუთრებულ, მისტიკურ აურას ატარებენ...

მათი თვალიერება არც ბებიაჩემს ბეზრდებოდა. მისი სევდიანი მზერა დიდხანს ჩერდებოდა თითოეულ ფოტოზე და ოდნავ შესამჩნევად ეღიმებოდა... არც მეათასედ დასმულ კითხვებზე ეზარებოდა პასუხების გაცემა. დაუზარელად მიყვებოდა ისტორიებს, რომლებსაც სწორედ ეს გახუნებული ფოტოები ახსენებდნენ და მეც სიამოვნებით ვუსმენდი მას... მეათასედ...

სულგანაბული ველოდი, როდის ამოიღებდა ერთ კონკრეტულ სურათს, თვალები ბავშვივით, ეშმაკურად აუციმციმდებოდა და ახალგაზრდობაშეპარული ხმით მეტყოდა: -„აი, ამ სურათით გამიცნო პაპაშენმა!

პაპა არასოდეს მინახავს. ის ჩემს დაბადებამდე გაცილებით ადრე დაიღუპა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედაჩემი 11 წლის იყო... ფოტო, რომელზეც ბებია მართლა ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, თავისი მწვანე თვალებით, ფაიფურივით თეთრი კანითა და „დაგოფრილი“ თმებით, პაპას მეგობართან უნახავს და მისი გაცნობა გადაუწყვეტია, რისთვისაც საგანგებოდ ჩასულა თელავში.

კოვბოიკა ჟილეტი ეცვა და ხელში წკეპლას ათამაშებდა. მეგობრები სასეირნოდ მივდიოდით... გვერდით ამომიდგა და დამეტოლა“ - მიყვებოდა ბებია.

„იმის მერე აღარ მომეშვა. თბილისში რომ მოვდიოდი, გაქანებულ მატარებელს შეახტა და ვაგონში გამომეცხადა. ერთად ვიმგზავრეთ. მე მოხარშული ქათამი მომქონდა, გზაში ამოვიღე და შევჭამეთ. „ავქაში“ გადავტეხეთ სანაძლეოზე. სადგურში რომ ჩამოვედით, ჩემოდანი მომაწოდა. რომ გამოვართვი, „აიდოსტო“ - მითხრა და მომიგო. მე მასთან ერთი სურვილი წავაგე, რომელიც მოგვიანებით გამიმხილა: - მინდა ცოლად გამომყვეო!“

ამ ისტორიას მოყვებოდა სხვადასხვა თვითმფრინავთან გადაღებული პაპას ფოტოები. ის ხომ პილოტი იყო... ზოგ სურათზე, სხვა პილოტებთან ერთად ვარჯიშობდა, ზოგზე, პარაშუტით გადმოხტომის გაკვეთილებს ატარებდა, ზოგან დედაჩემი, ან ბიძაჩემი ეჯდა კალთაში. ზოგან კი უცნაური ჩიბუხი ედო პირში. ჩიბუხზე შიშველი ქალი იყო ამოტვიფრული.

„ეს ჩიბუხი ძალიან უყვარდა და გვერდიდან არ იშორებდა. ერთხელ, სახლში დატოვა. მაგიდაზე დადო და მითხრა:ხელი არ ახლო, საღამოს 6 სთ რომ გახდება, ეს ქალი მარჯვენა ფეხს ასწევსო... მეც გაშეშებული ვიჯექი და თვალს არ ვაცილებდი... ველოდი, როდის აწევდა ფეხს... აი, სულ ასე მეხუმრებოდა პაპაშენი!“

მე ის ჩიბუხიანი სურათიც ძალიან მიყვარდა და ბებიას მოყოლილი ამბებიც ძალიან მახალისებდა. უცნაური შეგრძნებაა, როდესაც ორი ადამიანის ცხოვრება ერთ ალბომში ეტევა...

სწორედ ამ ალბომების დამსახურებაა, რომ დღემდე მომყვება შერგძნება, თითქოს პაპას პირადად ვიცნობდი...

ადრე, ფოტოს გადაღება ფუფუნება იყო. თითოეული კადრისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ ადამიანები. იცვამდნენ ლამაზ ტანსაცმელს, მიდიოდნენ ფოტო-ატელიეში, ირჩევდნენ ფონს, დეკორაციას, პოზას...

ახლა კი, თანამედროვე გაჯეტების წყალობით, ძალიან ბევრ ფოტოს ვიღებთ. გვიყვარს ჩვენი ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება. მობილურსა და კომპიუტერში უამრავი ფოტოები გვიგროვდება, რომლებსაც თითქმის არასოდეს ვბეჭდავთ...

ალბათ იმიტომ, რომ არ ვფიქრობთ ჩვენს შვილიშვილებზე და მათ შვილებზე, რომლებსაც არანაკლებ დააინტერესებდათ თავიანთი წინაპრების ისტორიების გაცნობა ფოტოალბომებიდან...

არადა იყო დრო, როდესაც ჩანთებით დავათრევდით ლამაზყდიან პრილა ალბომებს, რომლებსაც ჩვენი ნაცნობ-მეგობრები ინტერესით ათვალიერებდნენ...

ყოველი საოჯახო ალბომი ოჯახური რელიკვიასავით იყო, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

„ფოტოწიგნები“ ძველ ტრადიციას ახლებურად აცოცხლებს... უმაღლესი ხარისხის ფოტო-ალბომი შეგიძლიათ წიგნად დაბეჭდოთ...

დაბეჭდოთ თქვენი სიყვარულის ისტორია, ან ქორწილის ერთი ლამაზი დღე...

ერთ ალბომში მოაქციოთ ნებისმიერი ისტორია, რომლის დამახსოვრებაც გინდათ...

განა რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, როდესაც წლების გასვლის შემდეგ, გადაშლით ფოტოალბომს, რომელიც განსაკუთრებულ მოგონებებს გააცოცხლებს?..

```